logo
ENG



გახელაძის უკანონო პატიმრობაზე საუბრისას, მდინარაძე წინა ხელისუფლების "დანაშაულზე" მიუთითებს

05 თებ 202114:36
3 წუთის საკითხავი
 
გახელაძის უკანონო პატიმრობაზე საუბრისას, მდინარაძე წინა ხელისუფლების "დანაშაულზე" მიუთითებს

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ოკუპანტების მიერ ზაზა გახელაძისთვის სასჯელის მისჯაზე კომენტარისას, ისევ წინა ხელისუფლების "დანაშაულზე" მიუთითებს. მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან დახსნა, წინა ხელისუფლების მიერ დატოვებული "მემკვიდრეობის" გამო ჭირს. 

"არის ძალიან ცუდი წერტილი, ხვრელი, რასაც ქვია ოკუპანტის ის თავაშვეული ქმედება საოკუპაციო ხაზის იქეთ, რასაც ჩვენი მოქალაქეების, ადამიანის უფლებების დარღვევა, პატივის და ღირსების შელახვა და უკანონო დაპატიმრება მოსდევს ხოლმე. 

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ყოველთვის, რომ საერთაშორისო მექანიზმების ჩართვით, ამ უბედურებისგან დავიხსნათ მოქლააქეები, თუმცა არის შემთხვევები, როცა ეს ძალიან ჭირს იმ საოკუპაციო, ბოროტი რეჟიმის გამო, რომელიც მემკვიდრეობით გვხვდა წინა ხელისუფლების მხრიდან. იქ იყო გაუგონარი დანაშაული, ასევე წინა ხელისუფლების მხრიდან, როდესაც ისინი მხარს უჭერდნენ რუსულ ნარატივს, თითქოს საქართველომ დაიწყო სამხედრო თავდასხმა და დაიწყო ცხინვალის დაბომბვა, მაგრამ ეს ამ შემთხვევაში ნაკლებად საყურადღებოა", - ამბობს მდინარაძე.

დღეს, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს. 

გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.

ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა. 


close დახურვა